logo
ENG



კომუნა "მზესუმზირა" 17 ივლისს გამართული ღონისძიებისთვის 10 000 ლარით დააჯარიმეს

23 ივლ 202013:19
3 წუთის საკითხავი
 
p3zjni1edodnqap.jpg

კომუნა "მზესუმზირა"  17 ივნისს გამართული ელექტრონული მუსიკის ღონისძიებისთვის 10 000 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად "მზესუმზირა" ავრცელებს. 

როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათი დაჯარიმების მიზეზი არის ის, რომ ახალი დადგენილებით ელექტრონული მუსიკა არ არის შეყვანილი კულტურულ ღონისძიებათა სიაში. 

გარდა ამისა, "მზესუმზირას" ინფორმაციით, 24 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების გაუქმება მოუწიათ. ორგანიზატორები შერჩევით მიდგომაზე საუბრობენ და სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ:

"მიუხედავად ყველა იმ წესის ზედმიწევნით დაცვისა, რომელიც 29 ივნისს, ჯანდაცვის სამინისტროში, მათ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე გაგვაცნეს, რომლის მიზანი, მათივე თქმით, არსებული რეგულაციების შემსუბუქება იყო, 17 ივნისს გამართულ ღონისძიებაზე, კომუნა მზესუმზირა მაინც დააჯარიმეს 10 000 ლარით.

მიზეზი არის შემდეგი, რომ ახალი დადგენილებით ელექტრონული მუსიკა საერთოდ არ არის შეყვანილი კულტურულ ღონისძიებათა სიაში და ყველა ის რეგულაცია, რომლის დაცვაშიც დამატებითი ფინანსური ხარჯი გავიღეთ, აღმოჩნდა ფუჭი, ისევე, როგორც მათი დაპირება, რომ მითითებების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში, არ დავჯარიმდებოდით.

ქვეყანაში პარალელურად მიმდინარე აქტივობებიდან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან და ვაპირებთ სასამართლოს გზით დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე.

იქამდე კი 24 ივლისის ივენთი გაუქმებულია. ბილეთების დაბრუნების მსურველებმა მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე. მსურველებს ასევე შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ბილეთი, ჩვენი მომდევნო ივენთისათვის

მსგავსი შერჩევითი მიდგომა საფრთხეს უქმნის ინდუსტრიის არსებობას, რაც მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე დაუშვებელია! უახლოეს დღებში ქართული კლუბები და მუსიკალური ფესტივალები გავავრცელებთ საერთო განცხადებას", - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვის აკრძალვა 13 ივლისს მოიხსნა

"ფორმულა" ცდილობს, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან გაარკვიოს, რა არგუმენტებით დააჯარიმეს "მზესუმზირა". მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


close დახურვა